მე, ქართული რეკლამები და გენდერული სტერეოტიპები

ავტორი: იოსებ ძამუკაშვილი

ადამიანთა ცხოვრებაში რეკლამების მნიშვნელობა ყიველდღიურად იზრდება. მათი საშუალებით პროდუქციაზე ვიღებთ ინფორმაციას და შემდეგ კი ვაკეთებთ არჩევანს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.
მითი თუ რეალობა?!
გენდერის საკითხების გაშუქების მოკლე კურსის გავლის შემდეგ, სატელევიზიო რეკლამებს კრიტიკული თვალით შევხედე. აღმოვაჩინე, რომ ქალები რეკლამებში ძირითადად დიასახლისებად და დამხმარე პერსონაჟებად არიან წარმოდგენილნი. არადა, მამაკაცებისთვის რეკლამებში მინიჭებული როლები, ყოველდღიურ ცხოვრებაში ქალებსაც აქვთ. თუნდაც, ჩემი მდედრობით სქესის მეგობრებს, ჩემზე და სხვა ბევრ მამაკაცზე მეტად უყვართ ლუდი, თუმცა ალკოჰოლური სასმელების რეკლამებში ქალბატონების რაოდენობა მინიმალურია ან ისინი საერთოდ არ ჩანან.
ჩემი შთაგონება
სწორედ ამიტომ, "მითების დეტექტორის ლაბორატორიის" საკვირაო სკოლის საბოლოო პროექტისთვის "გენდერული სტერეოტიპები ქართულ რეკლამებში" შევარჩიე. დავიწყე როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ტელევიზიების რეკლამებზე დაკვირვება. მე, ქართული რეკლამები და გენდერული სტერეოტიპები მარტივი 'ტანდემი' არ აღმოჩნდა. ჩემი ცხრილი, სადაც რეკლამების ლინკები შემყავდა, ყოველდღიურად იზრდებოდა, თუმცა არასტერეოტიპული დამოკიდებულების გრაფა ცარიელი დარჩა.
რეკლამის დანიშნულება?!
"ეს ხომ მხოლოდ რეკლამაა და მეტი არაფერი? მერე რა მოხდა, თუ სტერეოტიპული დამოკიდებულება იკვეთება. მთავარია, რომ რეკლამამ წინა პლანზე წამოწიოს პროდუქცია"- შეიძლება ვიღაცამ ასეც თქვას... ასეთ ადამიანებს ასე ვუპასუხებდი- თქვენ ცდებით ბატონებო! რეკლამას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე. მას ჩვენს შეხედულებაზე არა მხოლოდ გავლენის მოხდენა, არამედ მისი შეცვლაც კი შეუძლია. აქედან გამომდინარე, მედია პროდუქტის - რეკლამების შესწავლა გენდერულ ჭრილში არცთუ უმნიშვნელოა.

განსხვავებული სინამდვილე
საინტერესოა, ის ფაქტი, რომ რეალურ ცხოვრებაში, რეკლამებისგან განსხვავებული სურათიც გვხვდება. თუ ჩემ მიერ განხილული რეკლამებიდან ბავშვებზე მზრუნველობა - ქალებთან, ხოლო წარმატება და ტექნოლოგიები კაცებთან ასოცირდება, რეალურ ცხოვრებაში აღნიშნული სტერეოტიპები ნამდვილად სტერეოტიპებია და არ ასახავს სინამდვილეს.
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website